English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები

ანოტაცია.ნაშრომში განხილულია ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები, მისი ნეგატიური გავლენა ბუნებრივ გარემოსა და ადამიანზე (დაბინძურებული მიწა, წყალი, ჰაერი); გაანალიზებულია ნარჩენების ზრდის მიზეზები, რომელიც უფრო ღრმა და ფუნდამენტურია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს, მასობრივი წარმოება და მოხმარება წარმოშობს ნარჩენების 70%-ს; გაშუქებულია წინა საუკუნის საზოგადოების დამოკიდებულება ნარჩენების მიმართ და მისი მოვლის მაშინდელი მეთოდები; დახასიათებულია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ნარჩენების მართვაში, მათ მიერ შემუშავებული გზები და მეთოდები; აღნიშნულია "მწვანე ეკონომიკის", როგორც უალტერნატივო მოდელის როლი და მნიშვნელობა მომავალი საზოგადოების განვითარებასა და გადარჩენაში, აგრეთვე ის გლობალური საფრთხეები რომელიც მთელ პლანეტას ემუქრება დარღვეული ეკოლოგიური ბალანსის გამო, რაც ბუნებაში ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგია და გამოსწორებას მოითხოვს.

საკვანძო სიტყვები: ანთროპოგენული ზემოქმედება,"ნულოვანი ნაგავი", რეციკლირება, დედამიწისდღე,შეფუთვები. 

შესავალი

პლანეტის მოსახლეობა იზრდება, შესაბამისად იზრდება მასობრივი წარმოება და მოხმარება, მათ კვალდაკვალ კი ნარჩენები. ნაგავი ბიზნესის შემადგენელ ნაწილად იქცა, ნარჩენების მოვლა რთული პროცესია, იგი აბინძურებს მიწას, წყალს, ჰაერს, ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, ვნებს ფლორას და ფაუნას, აავადებს ადამიანებს. ნარჩენების მოვლის ყველა მეთოდიდან, როგორიცაა 1) ნარჩენების დაყრა; 2) ნარჩენების წყალში ჩაყრა; 3) ნარჩენების დამარხვა; 4) ნარჩენების გადამუშავება (რეციკლირება), ვერ ამცირებს ნარჩენების ნაკადს, ამ მეთოდებიდან ყველაზე უფრო აღიარებული და ოპტიმალური მეთოდი მათი გადამუშავებაა. თუმცა მასაც აქვს ხარვეზები. არსებობს კიდევ მეხუთე მეთოდი, ანუ კონცეფციის "ნულოვანი ნაგავი", რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი და ინდუსტრიების მიერ ოპონირების საგანია, რადგან ეს მეთოდი ებრძვის არა შედეგს _ ნარჩენებს, არამედ მიზეზს _ გაზრდილ წარმოებას და გაზრდილ მოხმარებას.  ამ მეთოდის არსი წარმოების სისტემის შეცვლაა, იგი უფრო ღრმად და ფუნდამენტურად განიხილავს ისეთ პრობლემას, როგორიც ნარჩენებია.  ის ებრძვის მიზეზს და არა შედეგს. 2050 წლისთვის მოსახლეობის ზრდას 10 მილიარდამდე ვარაუდობენ, ამდენი ადამიანის გამოკვებას კი დედამიწა ვეღარ შეძლებს. ადამიანის ანთროპოგენურმა შეჭრამ ბუნებაში და ექსპლუატატორულმა დამოკიდებულებამ გამოფიტა ბუნებრივი  რესურსები ("გამოაცარიელა" სასარგებლო წიაღისეული, გაანადგურა ბუნებრივი ლანდშაფტი, გადაშენდნენ ცხოველები და ფრინველები და ა.შ.). " მწვანე ეკონომიკა" ის მოდელია, რომელსაც დიდი მისია აკისრია როგორც საზოგადოების, ასევე პლანეტის გადარჩენაში.

* * *

ინდუსტრიული საზოგადოება მოიხმარს დიდი რაოდენობით განახლებად და არაგანახლებად ბუნებრივ რესურსებს და მნიშვნელოვან ანთროპოგენურ გავლენას ახდენს გარემოზე, მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ბუნებრივი წიაღისეულის მარაგები უკვე "გამოცარიელებულია". ეკოლოგიურ სამყაროზე ანთროპოგენურმა უარყოფითმა ზეწოლამ კაცობრიობა ისეთი გლობალური ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა, როგორიცაა: კლიმატის დათბობა, ოზონის შრის შემცირება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, გაუდაბნოება: მიწის ეროზია, შიმშილი, ავადმყოფობა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ნარჩენების ნაკადი და სხვა. ადამიანმა ბუნებაზე ზემოქმედება უხსოვარი დროიდან დაიწყო. თავდაპირველად პრიმიტიული შრომის იარაღებით ამუშავებდა მიწას, რათა მოეპოვებინა "პური ჩვენი არსობისა". კაცობრიობის განვითარების საწყის ეტაპზე საზოგადოების ზეწოლა გარემოზე უარყოფითად არ აისახებოდა, მაგრამ შემდგომ ადამიანის მზარდმა მოთხოვნილებებმა და მისმა უკონტროლო შეჭრამ ბუნებაში, მრეწველობის განვითარებამ, გამოიწვია ეკოლოგიური კანონზომიერების დარღვევა. ადამიანმა თავი ბუნების მბრძანებლად წარმოიდგინა და დაიწყო მისი უმოწყალო ექსპლუატაცია, არადა  პირიქითაა, როგორც დიდი ვაჟა-ფშაველა ამბობს: "ბუნება  მბრძანებელია". ეკოსისტემების უნიკალურობა მათ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია, ერთი რომელიმე ბიოლოგიური რგოლის დარღვევას ჯაჭვური რეაქციით მოსდევს უარყოფითი შედეგები მომდევნო რგოლებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 2025 წლისთვის 8 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს 10 მილიარდამდე გაიზრდება, რის გამოც მსოფლიოში სურსათის წარმოება 75%-ით მაინც უნდა გაიზარდოს,  აღნიშნული ფაქტი მსოფლიოს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. შეძლებს კი დედამიწა ამდენი ადამიანის გამოკვებას? მსოფლიოში დღესდღეობით მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები მოიცავს ისეთ პროცესებს, რომლებიც მიმართულია გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობისაკენ. ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ასევე ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. ამიტომ "მწვანე ეკონომიკა" არის გზა, რომელიც დაგვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში. "მწვანე კაპიტალიზმის" იდეა 1990-იან წლებში გაჩნდა. მისი მიზანი იყო სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესების ჩამოყალიბება. მრეწველობით პლანეტა აღარ უნდა მოიწამლოს. "მწვანე კაპიტალიზმის" ქომაგები პ. ჰოკენი და უ. მაკდონა (გამოსცეს წიგნი "მწვანე ბიზნესების" შესახებ), მიიჩნევენ, რომ ბუნების  ნგრევის მიზეზები კაპიტალიზმი არ არის. მთავარი პრობლემაა წარმოების ფორმა, რომლის წყალობითაც ამდენი ბუნებრივი რესურსი იხარჯება. წარმოების პროცესი კი თავად კომპანიებმა უნდა შეცვალონ. შედეგად, უნდა შემცირდეს ნაგავი. ნარჩენები ან ისევ ბუნებას უნდა დაუბრუნდეს, ან უსასრულოდ გადამუშავდეს. ეს პროცესი კი უსაფრთხო უნდა იყოს, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რატომ მოინდომებენ ან როგორ შეძლებენ ამას ინდუსტრიები, გაყიდვების შემცირების გარეშე. როდესაც კომპანია "გამწვანდება" და ხარჯების გაზრდას გადაწყვეტს, მისი მდგომარეობა კონკურენტებთან მიმართებაში უარესდება, მისი პროდუქციაც გაძვირდება, რამაც ფირმას შეიძლება ბაზარი დაატოვებინოს. ინდუსტრიები რამდენად აზარალებს საკუთარ ინტერესებს ბუნების გამო, განხილვის საგანია ჯერჯერობით, ამერიკისა და ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყნებში წარმოების სტრუქტურა არ შეცვლილა, ბიზნესმენები ისე მუშაობენ როგორც ადრე. კ. მარქსი ამას "წარმოების ფარულ სავანეს" უწოდებდა. ბუნებრივი რესურსები ისეთივე საზოგადოების საკუთრებაა, როგორც ჰაერი, როდესაც საზოგადოება მწარმოებლებს ვერ აკონტროლებს (გამოყენებული მასალები, მოპოვების გზები და მეთოდები, ტოქსიკურობის დონე, ნარჩენების მოვლა და სხვა), ბუნებრივი მასალები დემოკრატიულად არ მოიხმარება, საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ნაგავზე და ასევე აკონტროლოს წარმოება, რომელიც ნაგვის მთავარი წყაროა.

მომხმარებელი, რომელიც მაღაზიაში დასრულებულ პროდუქტს ხედავს, ვერც კი წარმოიდგენს, თუ რამდენი რესურსი დაზიანდა, რამდენი ტყე გაიჩეხა, როგორ დაბინძურდა წყალი, მიწა, ჰაერი ამ პროდუქტის დამზადებაზე (შემდეგ გადაყრაზე). მასობრივი მოხმარების და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საკუთრივ ნაგავი ბიზნესის  შემადგენელ ნაწილად გადაიქცა. ნარჩენების მიმართ დამოკიდებულება, პოლიტიკური ნება და კანონმდებლობა ძირითადად ორიენტირებულია ნარჩენების მართვის ეფექტიანობის ამაღლებასა და ნაგავსაყრელების ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისაკენ. განხილვის საგანი კი იშვიათად ხდება მთავარი პრობლემა, საიდან ჩნდება ამდენი ნაგავი. ვებრძვით შედეგს და არა მიზეზს. ნარჩენების გადამუშავება განვითარებულ ქვეყნებშიც კი რთული პროცესია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნარჩენების მუდმივი გადამუშავება შეუძლებელია (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). მაგ., პლასტმასის ან ქაღალდის გადამუშავება მაქსიმუმ 6-ჯერ არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, რესურსი მაინც ნაგვად იქცევა.

ნარჩენების მართვის ძირითადი მეთოდებია: 1) ნაგვის დაწვა; 2) ნარჩენების წყალში ჩაყრა; 3) ნარჩენების დამარხვა; 4) ნარჩენების გადამუშავება (რეციფილირება); 5) "ნულოვანი ნაგავი". ნარჩენები შედარებით მკაცრად ბოლო 20 წელია რაც კონტროლდება. ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ნაგავსაყრელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ახალ სტანდარტებს. ამასობაში ისინი აბინძურებენ მიწას, მის წყლოვან ფენასა და ჰაერს. გამოტუტვით მიღებული სითხეების გარდა, გახრწნილი ნაგავი გამოყოფს "ნაგავსაყრელის გაზსაც". ეს ორთქლი ადვილად აალებად მეთანს შეიცავს, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით, მეთანი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ნახშირორჟანგზე 21-ჯერ უფრო ეფექტურად აფრქვევს სითბოს ატმოსფეროში. "ნაგავსაყრელის გაზი" შეიცავს აგრეთვე წებოს, პლასტმასის საღებავების ორთქლს, მათ შორის ნახშირორჟანგს. ე.წ. HAV-ს, ჰაერის სახიფათო დამაბინძურებლებსა და VOC-ს "აქროლად ორგანულ ნაერთებს". გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით, VOC წარმოშობს სმოგს _ ოზონს მიწის დონეზე. ოზონი აფერხებს მცენარეების ზრდას. აზიანებს ადამიანის სასუნთქ ორგანოებს, HAP კი ანვითარებს კიბოს და აზიანებს ნერვიულ სისტემას. ნაგავ-საწვავები ნაგავსაყრელებზე არანაკლებ ტოქსიკურია. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიხედვით, 2000 წლიდან დღემდე მსოფლიოში გამოყოფილი დიოქსინის 69% სწორედ მუნიციპალური ნაგავსაწვავებისაგანაა წარმოქმნილი. დიოქსინი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ქიმიკატია. ის წვის დროს გამოიყოფა და მის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს, როდესაც ქაღალდსა და პლასტმასს ერთად წვავენ, წარმოიქმნება დიოქსინი, რომელიც ჰაერში ფერფლით ვრცელდება. ნაგავსაყრელი ასევე გამოყოფს მჟავურ აირებს (რომელიც იწვევს მჟავა წვიმებს), მყარი ნივთიერებების ნაწილაკებს, ნახშირბადის მონოქსიდსა  და ვერცხლისწყალს. ნაცარი, როგორც წესი, მძიმე ლითონებს შეიცავს: ტყვიას, ვერცხლისწყალს, კადმიუმს და სხვა შხამიან ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება ნაგავსაყრელზე დამარხვის შემთხვევაში გამოიტუტონ. პარკები და შესაფუთი მასალა მუნიციპალური ნაგვის ყველაზე დიდი და მზარდი ნაწილია, აქედან 40% პოლიეთილენისაა. ნაგავსაყრელი და ნაგავსაწვავები სავსეა პოლიმერებით: ტელევიზორები, კომპიუტერები, მობილურები, გაზიანი სასმელების ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სინთეზური მასალა გამძლე და მომწამლავია და ბუნებაში მათი დატოვება არ შეიძლება. ვარაუდობენ, რომ პლასტმასი 200, 400 ან შეიძლება 1000 წლის შემდეგ იხრწნება. მიწის ზედაპირზე ის იცვითება და მავნე აირებს გამოყოფს, დამარხვისას კი სახიფათო ნივთიერებებს გამოტუტავს და მიწასა და წყალში ავრცელებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო 50 წელიწადში აშშ-ში პლასტმასის წარმოება საოცრად გაიზარდა. ეს ინდუსტრია 2-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე მთელი დანარჩენი მრეწველობა. წყნარი ოკეანე სავსეა პლასტმასით. 1990-იანებში ანტარქტიდაზე ნაგვის რაოდენობა გაასმაგდა. მათი უმეტესობა პლასტმასაა, აქაურ ცხოველებს ტალღები სხვა კონტინენტებისაკენ დევნიან, რაც ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის, დღეს მთელი პლასტმასის მხოლოდ 7% გადამუშავდება. ალუმინის ქილების ნახევარი კი იყრება. ინდოეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების ბაზარიც რადიკალურად შეიცვალა. ტრადიციული კერამიკული ჭიქების მაგივრად აქ უკვე პლასტმასის ჭიქებსა და ბოთლებს იყენებენ, პლასტმასს არ ამუშავებენ, წვავენ ან მარხავენ, პოლიეთილენის პარკებიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც სწრაფად გავრცელდა. ისინი ყრია ქუჩებში, მდინარეებში, კიდია ხეებზე, მათ წმინდა ძროხებიც მიირთმევენ და იგუდებიან. ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟორო სისტემები გაჭედა, რამაც წყალდიდობები გამოიწვია, ამის გამო სახელმწიფომ მათი წარმოება აკრძალა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს "თეთრი დაბინძურება" უწოდეს. სამხრეთ აფრიკაში კი _ "ეროვნული ყვავილი", აშშ-ს ნაგვის უდიდესი ნაწილი გადასამუშავებლად და გადასაყრელად სწორედ ასეთ ქვეყნებში იგზავნება, იყიდება პლასტმასის ბოთლები, ჯართი, ნაგვის შედარებით ახლო კატეგორია _ "ელექტრონული ნაგავი" გადაყრლი ტელევიზორები, კომპიუტერები მობილურები და ა.შ.

უცხოური გადამამუშავებელი ფირმები აშშ-დან, როგორც ყველაზე დიდი მომხმარებლისაგან, მსოფლიოში ნაგავს უფრო და უფრო მაღალი ფასად ყიდულობენ. 1997-დან 2002 წლამდე ამ ინდუსტრიიდან აშშ-ის წლიური შემოსავალი 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა. ნაგავი ამხელა პრობლემას ყოველთვის არ წარმოადგენდა. XIX საუკუნეში ნარჩენებს ახარისხებდნენ, მუნიციპალურ ნაგავს კომპოსტად იყენებდნენ ან ხელახლა ხმარობდნენ. ნაგვის სისტემა ინდუსტრიალიზაციისა და მსოფლიო ომების შემდეგ შეიცვალა. დღეს ამ ყველაფერს მონოპოლისტური კორპორაციები განაგებენ, ამერიკული პროდუქტის დაახლოებით 8%-ს მხოლოდ ერთხელ ხმარობენ და შემდეგ ყრიან. ქვეყანაში 10000-ზე მეტი ე.წ. "გზისპირა გადამუშავების" პროგრამაა. მაგრამ არსებობს ქალაქები, რომლებიც ნარჩენებს არ ამუშავებენ. ნაგვის სფეროში ყველაზე დიდი კორპორაციაა "პეისთ მენეჯმენტი" (WMI). მისი შემოსავალი 11 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია ფლობს ნაგვის გატანის სერვისებს _ სანიტარულ და სახიფათო მასალის ნაგავსაყრელს, ნაგავსაწვავების და ბირთვულის საყრელსაც, ნაგავსაწვავებმა ნაგვის დაყრის იაფასიან მეთოდს კონკურენცია მაინც ვერ გაუწია. XX საუკუნის დასაწყისში ნაგვის მოვლის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. იყო როგორ მავნე (წყალში ჩაყრა), ისე სასარგებლო გზები, ე.წ. შემცირება. ორგანული ნარჩენებით ღორების გამოკვება, რაც გავრცელებული მეთოდი იყო. ნარჩენების წყალში ჩაყრა იაფი და მარტივი მეთოდი იყო, თუმცა ეს ზღვისა და მდინარის სანაპიროზე დასახლებული მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. იმ პერიოდში ორგანული ნარჩენების მნიშვნელობა კარგად ესმოდათ და გაპატივებისა და გასრესის მეთოდებს ხშირად იყენებდნენ. კ. მარქსმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შენიშნა რომ ეფექტური ინდუსტრიალიზაციის პირობებში წარმოება მოხმარებას გაუსწორებდა. "სასარგებლოს მისაღებად პროდუქტიული წარმოების გარდა, საკმარისი მოთხოვნაცაა საჭირო" _ წერდა ის. მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, ტელეკომუნიკაციების განვითარებამ, რამაც შესაძლებელი გახდა მასობრივი რეკლამაციები, მწარმოებლების წისქვილზე დაასხა წყალი, ნაგავი არის როგორც დახარჯული ბუნება, ისე გადაყრილი შრომა. ეს ყველაფერი საქონლის გასაყიდად და შემოსავლის გასაზრდელად ხდება. მეცნიერი ჯონ მარშალი შრომის მოგებასა და ნაგავს ასე აკავშირებს: "ნაგავსაყრელი არ არის მხოლოდ კაპიტალიზაციის თანმდევი პროდუქტი, ეს კაპიტალიზმის წარმატებაა, რაც უფრო მეტია მოგება მით მეტია ნაგავი _ იმაზე თუ გიფიქრიათ, რამხელა შრომა და დრო დაიხარჯა ამ პროდუქტების წარმოებაზე. ისიც გაითვალისწინეთ რომ ჩვენ განზრახ შევქმენით ისეთი ნივთები,  რომლებიც მალევე ფუჭდება. არადა შეგვეძლო მთელი ეს დრო მეცნიერული, კრეატიული საქმიანობისთვის დაგვეთმო, შეგვექმნა სხვანაირი საზოგადოება".

ნაგვის დამარხვა საკმაოდ რთული პროცესია, თანამედროვე ნაგავსაყრელზე მიწისქვეშა კონტეინერები ("საპყრობილები") ე.წ. "ქვესადებზეა" აშენებული. ის ნაგვის გამოტუტვით მიღებული სითხეებისა და ნარჩენებიდან გამოჟონილი წვიმის წყალს აგროვებს, გრუნტის წყლებს დაბინძურების საშუალებას არ აძლევს და მთელ ამ სითხეს წყლის გამწმენდი ობიექტებისაკენ მიმართავს. ამ ტოქსიკური სითხის გრუნტის წლებში მოხვედრა დამანგრეველი იქნებოდა. "ქვესადებები" ლანდშაფტისა და კლიმატის მიხედვით განსხვავდება. მათი შემადგენლობა ასეთია: რამდენიმე ფუტის სიმაღლის დატკეპნილ მიწას ბეტონიტის თიხის (,,CIaymax”) ფენა ფარავს. ამ ყველაფერს შავი 60 მილიმეტრიანი HDPE-ს ("მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის") დამცვი აკრავს, ეს უფრო სქელი პლასტმასაა ვიდრე რძისა და საწმენდი საშუალებების ბოცების მასალა, შემდეგი ფენა პლასტმასის ამოსაშრობი ბადეა, რომელსაც ზემოთ ბენტონიტური თიხისა და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის კიდევ ერთი ფენა აკრავს, ქვემოდან კი ნახევარი ინჩის სისქის სინთეზური ქსოვილი იცავს, ამოშრობის გასამარტივებლად ეს ყველაფერი ხრეშის 20 მეტრიანი ფენითაა დაფარული. ნაგვით ავსების შემდეგ, რომელსაც წლები სჭირდება, მიწისქვეშა კონტეინერები ილუქება. რამდენიმე ფუტის სისქის ტალახი ხარისხდება და სატკეპნი მანქანით ნაგავს ზემოდან ეყრება. იმისთვის, რომ ნაგავი მთლიანად შეიფუთოს, ბენტონიტური თიხის სინთეტიკური ბადისა და პლასტმასის ფენები "ქვესადებს" უერთდება და ნაგვის მასას ზემოდანაც ეფარება, დალუქულ ნაგავს მუდმივად ადევნებენ თვალს, ამოწმებენ ირღვევა თუ არა სახელმწიფო რეგულაციები, კანონი სუფთა ჰაერისა და სუფთა წყლის შესახებ. ტექნოლოგიურად განვითარებული ნაგავსაყრელები გამოტუტული სითხეების, გარემოს წყლების ტოქსიკურობას ამოწმებენ, გამოდევნიან "ნაგავსაყრელის აირებს" _ მეთანს, ნახშირბადის ტოქსიდს, აქროლად აირებს, ნაერთებს, სახიფათო დამაბინძურებლებისა და ნარჩენების დაშლისას წარმოქმნილ არომატული ნაერთებს. ამას აკონტროლებს ჭაბურღილები, რომლებიც ნაგვის ორთქლს შეიწოვს, წესით, ეს აირები შემდეგ ან იწვება, იშლება ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ასეთ სრულყოფილ ნაგავსაყრელსაც აქვს პრობლემები. მაგ., ზოგ მეგასაყრელზე გრუნტის წლებში მძიმე ლითონებმა შეაღწია. "ქვესადები" არ არის მუდმივი. მათი უმრავლესობა მხოლოდ 50 წელი ძლებს. ეს მაინც შენელებული მოქმედების ბომბია. ვინაიდან ნაგვის შენახვის თანამედროვე გზები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ პატარა ბიზნესები და მუნიციპალიტეტები ამ საქმეს გიგანტურ, მდიდარ ფირმებს უთმობენ. დღეს მოთხოვნები გამკაცრებულია, კონტროლდება ყველაფერი "ქვესადების" მშენებლობიდან მიწისქვეშა კონტეინერებამდე, ეს მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით ნაკლებ სახიფათოა. ნარჩენების განადგურებაზე უდიდესი რესურსები იხარჯება. ნაგვის მოვლის ყველა სისტემა, თითოეული გადასატვირთი სადგური, გადამუშავების ცენტრი, ნაგავსაყრელის ნაგვის საწვავები, დამარხვა, რთული წამოწყებაა. ამ ობიექტებში უახლეს მეთოდებს იყენებენ, რომლებიც მსოფლიო ლაბორატორიებში, უნივერსიტეტებში, კორპორაციულ კორპუსებში გამოიმუშავეს. ნაგვის განადგურებას სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური ძალები უწყობენ ხელს. კითხვა კითხვად რჩება, რატომ გვაქვს ამდენი ნაგავი? ინდუსტრიალიზაციამ დააჩქარა ურბანიზაცია. წარმოებამ  სოფლის მეურნეობიდან ქარხნებში გადაინაცვლა. დასაქმებული მოსახლეობა პროდუქტებისა და ტანსაცმლის სახლში დამზადების მაგივრად უკვე ყიდულობდა. დასაქმებული ადამიანები კი უკვე ვეღარ იცლიდნენ გაფუჭებული საოჯახო ნივთების შესაკეთებლად და ახალს ყიდულობდნენ, გაიზარდა მოხმარება და შესაბამისად ნაგავი. ორ დიდ მსოფლიო ომში დაგროვილი მეცნიერული აღმოჩენების სამოქალაქო ცხოვრებაში გამოყენება დაიწყეს, პოლიეთილენის ქაღალდის თეფშები, ერთჯერადი საფენი, გაყინული პროდუქტები, სწრაფი კვება, მაცივრები, სარეცხი მანქანები, ავტომობილის ცელოფნები და ა.შ. წარმოების სტილი რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო შეფუთვების ეპოქა, წარმოების  ოქროს ხანა, სწორედ ამ დროს გახდა ნაგავი ისეთი, როგორიც დღესაა: მრავალფეროვანი, ტოქსიკური, რბილი გაზრდილი წარმოება, გაზრდილი მოხმარება და შესაბამისად გაზრდილი ნაგავი ერთმანეთის პირდაპირპროპორციულნი არიან. ნივთების წარმოება გამარტივდა მაგრამ მათი გაყიდვა და გადაყრა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. მწარმოებლებმა გაყიდვების გაზრდის გზების ძიება დაიწყეს, გამოსავალის მოძიება _ "გარდაუვალი ცვეთის" პრინციპი. ფირმები განზრახ ქმნიდნენ ისეთ პროდუქციის, რომელიც მალე გაფუჭდება. გაზრდილი წარმოებიდან გამომდინარე, ნივთები გაიაფდა. მათი გამოცვლა უფრო ნაკლები¨ჯდებოდა ვიდროე შეკეთება. გაჩნდა ნაგვის კიდევ ერთი ახალი კატეგორია _ მოდიდან გამოსული მოწყობილობები. დიდი კონკურენციის გამო მწარმოებლები ხშირად ჯერ კიდევ მუშა დანადგარს ყრიდნენ და ახალს იძენდნენ, მწარმოებლები უკვე მრავალი ტიპის დაძველების ხერხს იყენებდნენ. ამის შედეგად კი ადამიანები მეტს და მეტს მოიხმარდნენ. მოხმარება ცხოვრების წესად იქცა. დევიზი გახდა: დიდი სიჩქარით მოვიხმაროთ, შევცვალოთ, დავწვათ და გადავაგდოთ.

დაძველების მექანიზმი ყველაზე კარგად ერთჯერად პროდუქტებში  აისახა. მარკეტოლოგები ამ ნივთებს სუფთა და კომფორტულ საშუალებებად წარმოაჩენდნენ, ერთჯერადი საქონელი მიმზიდველი იყო. ზოგი მათგანი ცხოვრებას ამარტივებს, მაგრამ საბოლოოდ ეს პროდუქცია ნაგავის ისედაც უზარმაზარ მასას ზრდიდა, თუ მანამდე საქონლის შეფუთვა უბრალოდ შენახვის საშუალება იყო, ახლა ის უკვე ინფორმაციის წყარო, სარეკლამო ხერხი გახდა, რა საქონლის შესყიდვისას. მას მყიდველის ყურადღება უნდა მიექცია და მიეზიდა. მეთოდმა გაამართლა. ის წარმატებული მარკეტინგული სტრატეგია აღმოაჩნდა. ინდუსტრიები შეფუთვებზე თითქმის იმდენივეს ხარჯავდნენ, რამდენსაც შესაფუთი პროდუქციის წარმოებაზე. ერთჯერად გადასაყრელ იაფ ნივთებსა და შეფუთვებს ძირითადად პლასტმასისაგან ამზადებდნენ. პლასტმასი სულ მალე ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრია გახდა, მისი დამზადება ნებისმიერ ლაბორატორიაში შეიძლებოდა. პლასტმასისაგან ამზადებდნენ ჭურჭელს, მაგიდებს, სკამებს, ერთჯერად კალმებს, სათამაშოებს, სამხედრო აღჭურვილობასაც, არტილერისტების ღობეების, ღია კაბინის ფანჯრების, ნაღმების, ქუდების, სათვალის, საწვიმრების, წყალგამტარ კარვებს, პარაშუტებს, ელექტრომავთულებს და ატომური ნაღმის ნაწილებს, "დოუმ" თვითმფრინავების, არტილერიისა და "სხვა ფაქიზი აღჭურვილობის" მასალისა და ზღვის შხეფებისაგან დასაცავად სარანის აპკიც კი შექმნა. რ. ბარტის თქმით, "პლასტმასის გამოჩენის შემდეგ მასალების იერარქია დაინგრა: ერთ-ერთი მათგანით ყველა დანარჩენის ჩანაცვლებაა შესაძლებელი, ჩვენ შეგვიძლია მთელი მსოფლიო პლასტიკურად ვაქციოთ. ტეხასში პლასტმასისგან პირველი ნაგვის ყუთი დაამზადეს _ 22 ბალონიანი ურნა მყიდველებს ასწავლიდნენ როგორ უნდა მოეხმრათ და გადაეყარათ სინთეტიკა, სარეკლამო სამსახური და პიარი უდიდეს როლს თამაშობდა გაყიდვების ინდუსტრიაში. კაცობრიობამ დაიწყო ბრძოლა ნაგავთან.

ვისკონსინის არქიტექტურმა ჯ. ჰამსმა პირველი ნაგვის საპრესი გამოიგონა, ეს მოწყობილობა ორგანულ ნარჩენებს ფქვავდა და წყალთან ერთად კანალიზაციაში უშვებდა. 1950-იან წლებში ამერიკულ სახლებში 2 მილიონზე მეტი საპრესი დააყენეს. ნაგავის საპრესი სატვირთო მანქანა კიდევ ერთი ინოვაცია იყო. ამ ავტომობილით მეტი ნაგვის გადაზიდვა შეიძლებოდა და ნაკლები მუშახელი სჭირდებოდა. სატვირთოები ნარჩენებს დახურულ სივრცეში ჰიდრავლურად აბრტყელებდენ, ამით ნაგვის მოპოვება და მოგროვება დაჩქარდა. ნაგავსაყრელებზე უკვე ნარჩენების კომპაქტური გროვები მიჰქონდათ. ნარჩენების დიდი ნაწილი სახლებშივე ნადგურდებოდა საპრესით, ხოლო ქუჩებში რაც გაჰქონდათ იმას სატვირთოები პრესავდნენ და აფუჭებდნენ. გადაყრილი ნივთების ამოკრეფა გართულდა, საპრესი სატვირთოები იაფი და სწრაფი საშუალება იყო.

ბუნების დაცვის მოძრაობა ჯერ კიდევ "დედამიწის დღემდე" დაიწყო. გაზრდილი მრეწველობის საფრთხეებს საზოგადოება მანამდეც აღიქვავდა და ჰაერის დაბინძურება ყოველთვის მავნე მოვლენად აღიქმებოდა. მაგ., ლონდონის ერთ-ერთი ქარხნის ტოქსიკური გამონაბოლქვი  ინვერსიამ მიწასთან შეაკავა, ჰაერის ასეთმა ინტენსურმა დაბინძურებამ კი 4000 ადამიანი შეიწირა. მოსახლეობა ტყეების ჩეხვას კაშხალის მშენებლობისას 60-იან წლებში აპროტესტებდა. ამ წლებში აშშ-ის ქალაქებში უამრავი საპროტესტო აქცია იმართებოდა. ეკოლოგია აქტუალური საკითხი გახდა, პრეზიდენტმა ნიქსონმა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში აღნიშნა: "მათ სუფთა ჰაერი, წყალი და გარემო უნდა დაიბრუნონ, ან ახლა ან არასდროს", პრეზიდენტის ეს სიტყვები გარდაუვალი ფუნდამენტური ცვლილებების მომასწავებელი იყო, საზოგადოებამ, რომელმაც დედამიწის რესურსების ამოწურვადობა გაიაზრა, დაუპირისპირდა ინდუსტრიას, რომელთაც ეკოლოგია ნაკლებად აღელვებდათ და რომლებიც მხოლოდ მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულნი. ადამიანები მიხვდნენ, რომ ომის შემდგომი წლების ეკონომიკურ აღმავლობას ეკოლოგიური კუთხით დიდი უკუეფექტი ჰქონდა. მასობრივი წარმოება და მოხმარება, გაზრდილი მოგება და გაყიდვები აზიანებდა ეკოლოგიურ სისტემას. მწარმოებლებმა საკუთარი ხარჯები ბუნებას დააკისრეს, მიყენებული ზიანის გამოსწორება კი საზოგადოებას მოუწევდა, სახელმწიფო ინდუსტრიებს ხელს უწყობდა ბუნებრივი რესურსების ბოლომდე გამოყენებაში, არანაირი დამზოგვი პოლიტიკა არ არსებობდა ამ საკითხში, ნაგავი კი საზოგადოების პასუხისმგებლობად მოიაზრებოდა, ნაგვის მოვლის ტექნიკებსა და პროგრამებს, მუნიციპალური სააგენტოები აფინანსებდნენ, სახელმწიფო კი მწარმოებლების უმნიშვნელო შეზღუდვებს უწესდება. ასეთი მიდგომები ეკოლოგიური სისტემას ანადგურებდა.

და აი 1970 წლის 22 აპრილს 20 მილიონი ამერიკელი ქუჩებში გამოვიდა. ხალხით გაივსო პარკები, სკვერები, ეზოები, ისინი ახალ გლობალურ პრობლემას _ გარემოს დაბინძურებას აპროტესტებდნენ. ეს იყო პირველი "დედამიწის დღე". იქ შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ გაფლანგული რესურსები სწორედ გაჩეხილი ტყეები, მოწამლული წყლები, დაბინძურებული ჰაერი და ნაგვის დიდი გროვები იყო. გარემოს სავალალო მდგომარეობა მთელ ქვეყანაში აქტიური განხილვის საგანი გახდა. შსს მინისტრის უ.ჯ. ჰოკელის მიერ ორგანიზებულმა მიტინგმა მთელი ამერიკა მიიზიდა: ფერმერები, მინისტრები, მოსწავლეები, ბავშვები, დედები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და ჰიპებიც კი, აქციები მეტად მასშტაბური და ყოვლისმომცველი იყო. საზოგადოებამ დაიწყო აქტიური ბრძოლა ეკოსისტემების გადასარჩენად. პრეზიდენტმა ნიქსონმაც აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა. აქტივისტები ეკოლოგიურ კრიზისში ბიზნესსექტორს ადანაშაულებდნენ. მინისტრმა ჩენინგ ე. ფილიპსმა განაცხადა: "გარემოს გაუპატიურება უფრო მომგებიანია, ვიდრე დედამიწის მოვლა და მისი მწირი რესურსების დაზოგვა". სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად 2500 დოლარიანი ავტომობილი იყიდეს და დამარხეს, ახალგაზრდები ავტოსტრადებს მიუყვებოდნენ და სანაპიროს ასუფთავებდნენ.  სენატორი ნელსონი საზოგადოებას კონსტიტუციის შეცვლას სთავაზობდა. პირველი "დედამიწის დღე" უაღრესად მასშტაბური და შედეგიანი იყრ, სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი სლოგანი "შეამცირე, გამოიყენე, გადაამუშავე!"

მოსახლეობის ზრდასთან ერთად ურბანიზაციისა და მასობრივი წარმოების კვალდაკვალ, ნარჩენების რაოდენობა კვლავ კატასტროფულად  იზრდებოდა, წინა წლებში, როცა ახალი მიწები იყო საჭირო, მუნიციპალიტეტები ახალ ნაგავსაყრელებს ქალაქის გარეუბნებში აშენებდნენ. შემდეგ ნარჩენების ქალაქთან ახალის დაყრა აიკრძალა. ნაგვის ცენტრიდან შორს წაღება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და, რაც ყველაზე მთავარია, ახალი ნაგავსაყრელების ასაშენებლად მიწების პოვნაც გართულდა, გარეუბნები საკუთარ ტერიტორიებს უკვე მკაცრად აკონტროლებდნენ. მუნიციპალიტეტებმა ამ კრიზისიდან გამოსვლის ძებნა დაიწყეს, საზოგადოებრივი პროტესტიც მატულობდა, ამიტომ ნაგვის კომპანიები, მწარმოებლები და მთავრობა იძულებულნი გახდნენ გადამუშავების მეთოდები დაენერგათ, რეციკლირება ოპტიმალური გამოსავალი იყო. გარემოსთვის სასარგებლო ამ მეთოდს საზოგადოება მოწონებით შეხვდა. გადამუშავება დაწვასა და გადაყრას მაინც ჯობდა, იგი ბევრად ეფექტური მეთოდია. ადამიანები უკვე სინდისის ქენჯნის გარეშე ყრიდნენ ნივთებს. დაიწყო ნაგავსაწვავების გაუქმება, დიოქსინი, რომელიც ნაგავის წვის შედეგად წარმოიშობა და მძიმე დაავადებებს აჩენს ვერ კონტროლდება სანიტარიის დეპარტამენტის მიერ. ნაგავსაწვავებს აღსასრულის დღე დაუდგათ, ისინი თითქმის გაქრა, 1980-1990-იანი წლები გადამუშავების "რენესანსის ეპოქა" იყო, დიასახლისებს უკვე სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის განსხვავებული ურნები ჰქონდათ. გააქტიურდნენ ეკოლოგ დამცველები. ქუჩებში განათავსეს ფერადი ურნები, რომლებშიც მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს ანაწილებდა. შემოიღეს ახალი პროგრამები. აშშ-ში 1989 წელს გადამუშავების ინტენსიური პროგრამა შემოიღეს. სისტემა "ბარი კომონერის ბიოლოგიისა და ბუნების სისტემების ცენტრმა შექმნა" და ის დღემდე თანამედროვე პროგრამად ითვლება, დროს გაუძლო, პრინციპი 4 განსხვავებული ფერის ურნაა, აქედან ერთი _ ორგანული ნარჩენებისთვის, მეორე _ ქილებისა და ბოთლებისთვის, მესამე _ ქაღალდისა და მუყაოსთვის მეოთხე _ მასალისთვის, რომელიც არ გადამუშავდება (უსარგებლო ნარჩენები) ამ ინიციატივით აღმოჩნდა, რომ ნაგვის 85% გადამუშავებადი იყო. ნაგავსაყრელებზე კი 15% ხვდებოდა მხოლოდ, ეს პროგრამა (გადამუშავება) იმდენივე ნაგავს უმკლავდება, რამდენსაც ძველი ნაგავსაყრელები. გადამუშავების მეთოდს დღეისათვის ყველა განვითარებული ქვეყანა იყენებს. რეციკლირების პოპულარიზაციიდან გამომდინარე, მეწარმეებმაც შეცვალეს ტაქტიკა. სასმელების ბოთლებსა და ქილებზე რეციკლირების სიმბოლო გამოჩნდა, ფერმებმა და კომპანიებმა ეკოლოგიისთვის სასარგებლო აქტივობები გააჩაღეს. საზოგადოება უკვე ნაგვის მოვლასა და გარემოს დაბინძურებას ბევრად მკაცრად უდგებოდა, ბიზნესსექტორი თითქმის ჩიხში აღმოჩნდა. ნაგავს აღარავინ წვავდა, დამარხვა გამართლდა, წყალში ჩაყრა აიკრძალა, ეკოლოგიური მოძრაობა კი გაძლიერდა. ნარჩენების მართვის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც რეგულაციები არ ზღუდავდა, გადამუშავება იყო. გადამუშავებას ბევრი დადებითი თვისება აქვს. გარემოს დაცვის ფონდის თქმით, გადამუშავებისას 5-ჯერ მეტ ენერგიას  ვზოგავთ, ვიდრე ნაგვის გადაყრისას ვხარჯავთ.

მერქნის მასასა და ხეებთან შედარებით, გადამუშავებული ცელულოზით ქაღალდის დამზადებას 58%-ით ნაკლები წყალი სჭირდება და 76%-ით ნაკლები გამონაბოლქვის გამოყოფისას. აქვე უნდა ითქვას, რომ რეციკლირებული მასალისაგან ცუდი ხარისხის მასალა მზადდება, გადამუშავების ყველა ნივთიერება მოლეკულურ მთლიანობას კარგავს და ხშირად გამოუყენებელი ხდება. მაგ., დამდნარი შუშა კარგავს გამძლეობას, ასევე პლასტმასი, ქაღალდის ბოჭოკოები იმსხვრევა და სუსტდება. გადამუშავებული მასალის გაყიდვაც რთულია, ხშირად პირველადი რესურსი გადამუშავებულზე იაფია. მიუხედავად რიგი ხარვეზებისა, გადამუშავება სხვა მეთოდებთან შედარებით ნარჩენების შეკავების პოლიტიკასთან ასოცირდება, და ყველაზე ოპტიმალურ გზად მიიჩნევა. ნარჩენების მართვის მხრივ გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში. მან ჯერ კიდევ 1991 წელს გამოსცა "შეფუთვების ბრძანებულება", კანონის მიხედვით გადაყრილი შეფუთვების მოგროვება, დახარისხება, გადამუშავება და გადაყრა გადასახადების გადამხდელების მაგივრად მწარმოებლებს უნდა დაეფინანსებინა. ეს არის "მწარმოებლის განგრძობითი პასუხისმგებლობის" ერთ-ერთი ფორმა. კანონის მიხედვით, ინდუსტრიებს შეფუთვის მოვლის ახალი სისტემა უნდა შეემუშავებინა და დაეფინანსებინა, "შეფუთვების ბრძანებულება" მრეწველობაში მნიშვნელოვანი ჩარევა იყო სახელმწიფოს მხრიდან. ეს კანონი დღემდე ძალაშია და იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ უნდა შევუტიოთ შეფუთვებს, რომელიც ნაგვის ყველაზე დიდ კომპონენტს შეადგენს. აღნიშნული კანონის შედეგად მწარმოებლებმა ნაგვის მოვლის საკუთარი მეთოდები შეიმუშავეს. შეიქმნა "მწვანე წერტილი"-ს სისტემა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, მას გარემოს დაცვის სააგენტო აკონტროლებს და წარმომადგენელთა გაერთიანება წარმართავს, (DSD) "დუალოს სისტემ დოიჩლანდი", ეს მარტივი პროცედურაა, მას შემდეგ, რაც კლიენტები პროდუქტს იყიდიან, ისინი შეფუთვას მაღაზიაშივე ან სახლების წინ ტროტუარზე, ყვითელი პარკში ან ყუთში ტოვებენ ნაგავს, შემდეგ DSD  აგროვებს, ეს მეთოდი კომპანიებს უბიძგებს, ნაკლები აწარმოონ და ნაკლები ერთჯერადი პროდუქტი შექმნან, ვინაიდან ნაგვის მოვლის ხარჯების დაფარვა თვითონ მოუწევთ. ამ პროგრამის შედეგად შეფუთვების მოხმარება შემცირდა. გადამუშავება და მრავალჯერადი ბოთლების რაოდენობა კი გაიზარდა. ამ პროგრამით ნარჩენების ყოველდღიურმა დახარისხებამ ადამიანებს დაანახა, თუ რამხელა ფასი აქვს მის ნაგავს და დახარისხების კულტურა დაამყარა ქვეყანაში.

ნაგვის პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი მრავალჯერადი ბოთლებია, ეს მეთოდი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია გავრცელებული, როგორიცაა: გერმანია, დანია, ფინეთი, ჰოლანდია, აგრეთვე სამხრეთ ამერიკის ქვეყნები: არგენტინა მექსიკა, ბრაზილია. მრავალჯერადი ბოთლი ძირითადად შუშისაგან ან სქელი პეტისგან _ პოლიეთილენ ტერეფთალატისგან მზადდება. ფინეთში გადაყრილი ერთჯერადი შეფუთვები ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. ხოლო წლიურად ნაგვის რაოდენობა 390 ტონით მცირდება.

მსოფლიოში თავისუფალი რეციკლირება მოხშირდა, როგორიცაა  ნივთების სხვისთვის დარიგება გადაყრის მაგივრად, ეს პრაქტიკა  ტაქსონელმა დ. ბილმა წამოიწყო. ამ პროგრამის მიზანია გამოუსადეგარი ნივთების მფლობელების ღარიბებთან დაკაშვირება, მთავარ ვებგვერდს ადგილობრივი განშტოებები აქვს, სისტემის მიზანია ყველაფერი უფასოდ დარიგდეს და ნაკლები გადაიყაროს. ინტერნეტის წყალობით, ადამიანების დაკავშირება და ნივთების გაცვლა საკმაოდ სწრაფი და მარტივია, არსებობენ კომპანიები რომელთა მიზანი გადაყრილი ნივთების გადარჩენაა, მუნიციპალიტეტთან დადებული კონტრაქტის თანახმად, კომპანიებს მიაქვთ ნაგავი და ყიდიან გარკვეული სივრცეში, ეს ნივთები მრავალფეროვანია: კარადა, სკამი, სამშენებლო მასალა, ჭიქა-კოვზი, ელექტრომოწყობილობა და ა.შ. ნივთების გადარჩენით ჩვენ წარმოებული პროდუქციის, მასალის და იმ ენერგიას ვზოგავთ, რაც მის წარმოებაში დაიხარჯა.

წარმოების შედეგად 70-ჯერ უფრო მეტი ნაგავი წარმოიქმნება ვიდრე ოჯახებში. ნარჩენების მოვლის მეთოდების მიუხედავად, რომელიც ზემოთ განვიხილეთ, მისი რაოდენობა მაინც არ მცირდება. ნარჩენების მოვლასთან დაკავშირებით გარემოს დამცველები გვთავაზობენ კიდევ ერთ _ "ნულოვანი ნაგვის" სტრატეგიას, ეს სისტემა ნაკლები ნაგვის წარმოქმნას გულისხმობს.

მართალია, ნარჩენების გადამუშავება დღესდღეობით ყველანზე უფასო ოპტიმალური მეთოდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ნაგვის რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე მისი  გადამუშავების ტემპი. გადამუშავება ნაგვის შემცირებას ვერ ახერხებს. "ნულოვანი ნაგვის" მეთოდი უფრო ღრმა და საფუძვლიანია ვიდრე მხოლოდ გადამუშავება. იგი გლობალურად განიხილავს ნარჩენების პრობლემას და ახდენს მისი წარმოშობის მიზეზების პრევენციას. იგი ებრძვის არა მხოლოდ შედეგს, არამედ მიზეზს. ვინაიდან პრობლემა გლობალურია, თუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს შორის არსებული დისბალანსი არ აღმოიფხვრა, მარტო შედეგთან ბრძოლა პრობლემას ვერ გადაჭრის. "ნულოვანი ნაგვის" სტრატეგია გულისხმობს შემდეგს: იზრდება გადამუშავება (რეციკლირება); მცირდება ნაგავი და მოხმარება. პროდუქტები მხოლოდ მრავალჯერადი მოხმარებისთვის მზადდება, გაფუჭებული ნივები ან შეკეთდება, ან მუშავდება და ისევ ბუნებას ან ბაზარს უბრუნდება. აღნიშნული პროგრამა მრეწველობის სისტემის გარდაქმნას ცდილობს. მას ბევრი პოლიტიკოსი და ბუნების დამცველი აქტივისტი ემხრობა. "ნულოვანი ნაგვის" თეორიაში სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პოლიტიკოსებმა ბუნებრივი რესურსების დაზოგვა კანონებით უნდა წაახალისონ, მათი ზედმეტი ხარჯვა კი დასაჯონ. "ნულოვანი ნაგვის" სისტემა კომპანიებისგან არატოქისკური ბიოხრწნადი მასალის გამოყენებას მოითხოვს, ასევე მოითხოვს ბუნებისთვის მიყენებული ზარალი პროდუქტის ფასშიც აისახოს, "ნულოვანი ნაგვის" მომხრეებს ნაგავსაყრელებისა და ნაგავსაწვავების დახურვა სურთ. ამ პროგრამის ოპონენტების ასეთი ცვლილებების განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ. მათი აზრით, მსგავსი ნაბიჯები უმუშევრობას და სიღარიბეს გამოიწვევს. "ნულოვანი ნაგვის" (ანუ "ანტი-ნაგვის", როგორც მას მეორენაირად უწოდებენ) სისტემა გვპირდება ახალ შესაძლებლობებს პატარა ბიზნესებისთვის, კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის გაზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და გამყარებას. რაც შეეხება გადამუშავებას, დადგენილია რომ იგი მუშახელზე მოთხოვნას ზრდის. ნაგვის 1 ტონის გადამუშავებას 10-ჯერ მეტი თანამშრომელი  სჭირდება, ვიდრე მის დამარხვას ან დაწვას.

"ნულოვანი ნაგვის" კონცეფცია მოგვიწოდებს ნარჩენებს ახლებურად შევხედოთ, დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს, არ დავანაგვიანოთ დედამიწა, იგი ხომ ჩვენი სახლია, არსებობს კულტურები, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ რომ რომელიმე ობიექტი შეიძლება გამოუსადეგარი და გადასაგდები იყოს. "ნულოვანი ნაგვის" კონეცეფცია შეიძლება ზოგს უტოპიადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ იგი უკვე დანერგეს ავსტრალიაში, კანბერას ტერიტორიაზე, ჰალიფაქსში, ტორონტოში, დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით ნარჩენების მართვის ყველაზე უფრო ოპტიმალური მეთოდი რეციკლირებაა. საქართველოში 50-მდე ნაგავსაყრელია. საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების უფრო მეტად ამაღლება ამ კუთხით, მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში და ტრენინგების ჩატარება, მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ჩვენთან ჯერჯერობით არ არის ფერადი ნაგვის ურნები, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მთავრობა და მერია დგამს ნაბიჯებს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. წელს ეროვნული მუზეუმის ეზოში  ჩატარდა 15 დღიანი კამპანია, "პლანეტა თუ პლასტმასა". სექტემბერში ამ თემაზე იგეგმება ფოტოგამოფენა. საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარჩენების მართვაა, კარგი იქნება თუ გადმოიღებს ისეთი პატარა განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითს როგორიცაა ფინეთი, დანია და ა.შ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში ბუნებრივი გატყიანებით. გვაქვს მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტი, წყლის რესურსები იგი მიმზიდველი ქვეყანაა ტურისტებისთვის და ყოველწლიურად 10 მილიონი ტურისტი სტუმრობს, ეკოლოგია, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. გარემოს დაცვა და მისი მოვლა კი ჩვენი ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.

"მწვანე ეკონომიკა" განვითარების ის მოდელია რომლის საშუალებითაც მსოფლიო შეძლებს დარღვეული ბალანსი აღადგინოს ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის. ეკონომიკა საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წარმოებისა და მოხმარების გარეშე კი საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია, აქედან გამომდინარე, "მწვანე ეკონომიკას" ალტერნატივა არ გააჩნია. პლანეტა გასაჭირშია, შესაბამისად ადამიანიც. გლობალური ეკოლოგიური საფრთხეები კიდევ უფრო ღრმავდება, სლოგანი სახეზეა "უნდა გავმწვანდეთ", "მწვანე ეკონომიკა" კი "მწვანე პლანეტის" საწინდარია, რაც მომავალ თაობებს გადაარჩენს და არსებობას შეუნარჩუნებს.

დასკვნა

მასობრივი წარმოებისა და მოხმარების კვალდაკვალ, ნარჩენების ნაკადი იზრდება, მათი მოვლა და მართვა რთული პროცესია. დღესდღეობით გადამუშავება ყველაზე უფრო ოპტიმალურ მეთოდად ითვლება მსოფლიოში, ასევე არსებობს "ნულოვანი ნაგვის" კონცეფცია, რომელიც ჯერჯერობით აქტიურად არ განიხილება, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტის მოსახლეობა იზრდება და დედამიწა ვეღარ შეძლებს ყველას გამოკვებას, შეიძლება შორს არ არის ის დღე, როდესაც მსოფლიო აღიარებს "ნულოვანი ნაგვის" კონცეფციას და განახორციელებს იმ ფუნდამენტურ ცვლილებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაც ეს მეთოდი ითვალისწინებს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. აბესაძე რ. ინოვაციური ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2014.

2. აბესაძე რ. ორგანული ქიმიის, როგორც მაღალი ტექნოლოგიის, გამოყენების თავისებურებები ეკონომიკაში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ. XI. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2019.

3. თეთრაული ც. ნანოტექნოლოგიების განვითარება და მისი გამოწვევები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. XI. თსუ პაატა  გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი, 2019.

4. "USA Risk: Macroeconomic Risk" Economist Intekbgtnce Unit-Riskwire, no. 101 (July, 7, 2003).

5. პ. როჯერი. ხვალამდე გაქრება (ნაგვის ისტორია) თბილისი, 2015.

6. ს. ფიშერი, რ. დორნბუში, რ. შმალეზი _ ეკონომიკა (ECONOMICS) ტ. IV. თბილის ი. 1998.

7. პაპავა ვ. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, 2011.